logo
ENG



"არასდროს ვაღიარებთ იმ საზღვრებს, რომლის შეცვლაც რუსეთმა აგრესიით სცადა" - G7-ის განცხადება

15 მაი 202212:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/15/rd8jgw5gfmw8nsh.jpg

დიდი შვიდიანის ქვეყნებმა უკრაინისადმი სოლიდარობა ხელახლა გამოხატეს და რუსეთის არაპროვოცირებული, არასამართლებრივ ომში, რომელშიც, მათი თქმით, ბელარუსიც მონაწილეობს უკრაინის თავდაცვისადმი მხარდაჭერა გამოთქვეს.

ქვეყნების საგარეო მინისტრებმა 3-დღიანი შეხვედრების დასრულების შემდეგ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ უკრაინას ქვეყნის ხელახალ აღმშენებლობაში დაეხმარებიან, მოუწოდეს პარტნიორებს, რომ მათ ამ ძალისხმევაში შეუერთდნენ: უკრაინას მყისიერი საჭიროების ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება გაუგზავნონ და მონაწილეობა მიიღონ მისი მომავლის მშენებლობაში.

დიდმა შვიდიანმა კიდევ ერთხელ მოსთხოვა რუსეთს, შეწყვიტოს არაპროვოცირებული ომი. გარდა ამისა, მათ ბელარუსსაც მოუწოდეს, უერთგულოს საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს და შეწყვიტოს რუსული აგრესიის ხელშეწყობა.

გარდა ამისა, საგარეო მინისტრები რუსეთს მოუწოდებენ მიჰყვეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და მოქალაქეების ჰუმანიტარულ საჭიროებებზე წვდომა და ევაკუაციის უსაფრთხოება უზრუნველყოს.

დიდი შვიდიანი აცხადებს, რომ არასდროს აღიარებენ პოლიტიკურ რუკაზე იმ საზღვრებს, რომელთა ფორმირებასაც რუსეთი ძალის გამოყენებით ცდილობს.

„რუსეთმა დაარღვია გაეროს ქარტია და ეჭვქვეშ დააყენა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ფუნდამენტური პრინციპები, რაც დაცულია ჰელსინკის საბოლოო აქტითა და პარიზის ქარტიით და საკუთარი ქმედებების გამო მას [რუსეთს] პასუხისმგებლობა დაეკისრება. ჩვენ უარვყოფთ ყველანაირი გავლენის სფეროს კონცეფციას და ნებისმიერი ისეთი ძალის გამოყენებას, რაც არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ იმ საზღვრებს, რისი შეცვლაც რუსეთმა სამხედრო აგრესიით სცადა და მხარს დავუჭერთ ჩვენს ჩართულობას უკრაინის სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მათ შორის ყირიმში და ყველა რეგიონში.“

დიდი შვიდიანი გმობს რუსეთის მხრიდან ქიმიური, ბიოლოგიური ან ატომური იარაღის ან მსგავსი მასალების გამოყენებას და აცხადებს, რომ მსგავს ქმედებებს შესაბამისი პასუხისმგებლობაც მოჰყვება.

ერთიანი განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის აგრესია უკრაინაში სოფლის მეურნეობის სფეროში ექსპორტებს ზღუდავს, რაც სურსათის ბაზარზე ფასების მკვეთრ ზრდას იწვევს, მსოფლიოში საკვების უსაფრთხოების კუთხით საშიშროებას ქმნის და მსოფლიოს გარშემო ადამიანების ცხოვრებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

დიდი შვიდიანის ქვეყნები გამოთქვამენ მზადყოფნას, გამოყონ დამატებითი რესურსები რათა საკვების, ენერგიისა და ფინანსურ რესურსებზე, ისევე როგორც პირველადი საჭიროების საქონლის ყველასთვის წვდომა უზრუნველყონ.

დიდი შვიდიანი ასევე მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის პორტებზე თავდასხმა, რაც უკრაინული სოფლის მეურნეობის ნედლეულის გადასატანად გამოიყენება.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და საექსპორტო კონტროლი არ შეეხება აუცილებელი საკვებისა და სოფლის მეურნეობის საქონლის განვითარებად ქვეყნებში ექსპორტს, რათა თავიდან აიცილონ საკვების წარმოებასა და გავრცელებაზე უარყოფითი გავლენები.

დიდი შვიდიანი გმობს რუსეთის პოლიტიკას ინფორმაციით მანიპულაციისა და მასში ჩარევის პოლიტიკას. ქვეყნები აცხადებენ, რომ G7-ის სწრაფი რეაგირების მექანიზმის სამიზნე რუსეთის ამგვარი მანიპულაციურ ქმედებები იქნება და ისინი  თავისუფალ, მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი მედიის სანდო ინფორმაციაზე უფასოდ წვდომას უზრუნველყოფენ. 

„[სამიზნე იქნება] მათ შორის დეზინფორმაცია, რასაც ის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამართლებისა და მხარდაჭერისთვის იყენებს და მიზანმიმართულად ცდილობს საჯარო აზრით მანიპულაციას, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მსოფლიოს მასშტაბით, რათა მიმდინარე ომში საკუთარი პასუხისმგებლობა დაფაროს.“

საგარეო მინისტრებმა ერთობლივი განცხადებით დაგმეს რუსეთის თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, მათი მკვლელობები  და დაჭრა, ისევე როგორც უკრაინაში სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობა, ასევე მიზანმიმართული თავდასხმა ინფრასტრუქტურასა და სამედიცინო დაწესებულებებზე. დიდი შვიდიანი აცხადებს, რომ გააგრძელებს რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევის, ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებრივი ფაქტების გამოძიებას და გამოთქვამს მზადყოფნას, უკრაინას საგამოძიებო პროცესებში, როგორც ტექნიკური ექსპერტიზითა და დაფინანსებით, ასევე დამნაშავეების მოძებნასა და დასჯაში დაეხმაროს.

ამავე განცხადებაში, დიდი შვიდიანი აცხადებს, რომ აფასებს მოლდოვის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის, მათ შორის ლტოლვილების მიღებისა და მათზე ზრუნვის ძალისხმევას და თავის მხრივ, უზრუნველყოფს მოლდოვის მოკლევადიან საჭიროებებს და ქვეყანას გრძელვადიანი რეფორმების გატარებასა და განვითარებაში დაეხმარება. 

„მრავალმა ქვეყანამ გამოხატა სოლიდარობა და უზრუნველყო უსაფრთხო თავშესაფარი მათთვის ვინც რუსეთის აგრესიულ ომს თავი დააღწია. ჩვენ კონკრეტულად ვაქებთ მოლდოვას შესანიშნავი ძალისხმევისთვის - ძალიან ბევრი ლტოლვილის მასპინძლობისთვის, რაც თვალსაჩინოა, როგორც ფარდობით ასევე აბსოლუტური რიცხვებში. 5 აპრილს ბერლინში შექმნილი მოლდოვის დახმარების პლატფორმის გავლით და სხვა ფორმატებით, ჩვენ მხარს დავუჭერთ მოლდოვას, რომ მისი მოკლევადიანი საჭიროებები და მისი გრძელვადიანი განვითარებისა და რეფორმების პროგრამა უზრუნველყოფილი იყოს. ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებას დნესტრისპირეთის რეგიონში დესტაბილიზაციის უახლეს ქმედებებთან დაკავშირებით და ხაზგასმით ვუცხადებთ ჩვენს მხარდაჭერას მოლდოვის სტაბილურობას, სუვერენულობასა და ტერიტორიულ მთლიანობას“ - წერია განცხადებაში.

დიდმა შვიდიანმა გამოხატა მხარდაჭერა რუსეთზე პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხისადმი და განაცხადა, რომ G7ის ლიდერები დაუწესებენ დამატებით შეზღუდვებს რუსული ელიტების იმ წარმომადგენლებს, მათ შორის ეკონომიკურ აქტორებს, სახელისუფლებო და სამხედრო ინსტიტუტებს, ვინც პუტინს ამ ომის განხორციელებაში ხელი შეუწყო. მათი განცხადებით, რუსეთს კიდევ უფრო გათიშავენ დიდი შვიდიანის ქვეყნების ეკონომიკიდან, საერთაშორისო ფინანსური სისტემებიდან და მსოფლიო ორგანიზაციებიდან.

ქვეყნებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა, მაქსიმალურად მოკლე ვადებში შეამცირონ დამოკიდებულება რუსულ ენერგორესურსებზე და განაცხადეს, რომ ენერგიის მიწოდებასა და ენერგოეფექტურობის გაზრდაში საკუთარ წვლილს შეიტანენ.

დიდი შვიდიანი გმობს ბელარუსსა და რუსეთში იმ დამოუკიდებელი მედიების, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიებისა და იმ მოქალაქეების მიმართ რეპრესიებს, ვინც უკრაინაში რუსეთის წამოწყებული ომის წინააღმდეგ პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავს. 

„ჩვენ, დიდი შვიდიანი არ ვართ ომში რუსეთთან ან რუს ხალხთან. რუსეთის გადაწყვეტილება უკრაინას თავს დასხმოდა მიიღეს იმ ლიდერებმა, ვინც დემოკრატიულ პასუხისმგებლობაზე უარს ამბობენ. ჩვენ გამოვხატავთ მხარდაჭერას მათ მიმართ, ვინც რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ჩვენ ხელახლა ვადასტურებთ, რომ რუს და ბელარუს ხალხს აქვს უფლება მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს თავისუფალი, მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი მედიიდან მიღებული ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია და ვგმობთ რუსეთის ხელისუფლებისა და ბელარუსის რეჟიმის მხრიდან ცენზურას და სხვა დამაბრკოლებელ მეთოდებს, რაც რუსებსა და ბელარუსებს დამოუკიდებელ მედიაზე წვდომაში ხელს მათ შორის ინტერნეტსა და სოციალური მედიის პლატფორმებზე შეზღუდვების დაწესებით უშლის“ - წერია დიდი შვიდიანის კომუნიკეში.

დიდი შვიდიანი ასევე გმობს რუსეთის მიერ ჩადენილ ქმედებებს, რაც უკრაინაში ატომურ მასალებსა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას ხელს უშლის და ადამიანის სიცოცხლესა და გარემოს სერიოზული რისკების წინაშე აყენებს.

საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინის ატომური დაწესებულებებიდან ძალები გაიყვანოს და მათზე კონტროლი ლეგიტიმურ უკრაინულ ხელისუფლებას გადასცეს.


close დახურვა